წინათქმა
ეს წიგნი იმ საქმიანობის ლოგიკური დასასრულია, რომელიც 2000-2003 წლებში ხორციელდებოდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სოციალური მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამის მიერ. ეს პროგრამა, რომელიც 1997 წლის დეკემბერში ბატონი ჯორჯ სოროსის ინიციატივით შემუშავდა, მიზნად ისახავდა იმას, რომ საქართველოში შესაძლებელი გამხდარიყო სოციალურ მეცნიერებებში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი საუნივერსიტეტო (სამაგისტრო) სწავლება. ცხადია, რომ ქვეყანა, რომელიც მიეკუთვნება პოსტსაბჭოურ სივრცეს და მიზნად ისახავს თავისუფალი, დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების აშენებას, სოციალური მეცნიერებების განვითარებას ერთ-ერთ უპირატეს ამოცანად უნდა მიიჩნევდეს.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის მიზანი იყო უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში მსოფლიო გამოცდილებასა და ცოდნაზე დაფუძნებული იმგვარი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შეძლებდა სწავლების მაღალი დონის მიღწევისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გადაიქცეოდა პროგრამად, რომელიც სოციალურ მეცნიერებათა დამოუკიდებელ, ნოვატორულ, კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი ინიციატივების კრისტალიზაციის ცენტრის როლს შეასრულებდა. პროგრამის უმთავრესი მიმართულება იყო საქართველოში, და ამდენად, კავკასიაში, უმაღლესი განათლების პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა სოციალური მეცნიერებების დარგში. *
პროგრამის ამ მიზნის განხორციელება რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი – ეს იყო იმ უმაღლესი სასწავლებლებისა თუ კვლევითი ცენტრების ელემენტარული ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა (კომპიუტერები, ინტერნეტი, ავეჯი, დაცვის საშუალებები, კოსმეტიკური რემონტი), სადაც ან არსებობდა სამაგისტრო სწავლება რომელიმე ამ დარგში, ან კვლევითი ცენტრი ეწეოდა საქმიანობას, რომლის მხარდაჭერაც ირიბად წაადგებოდა სამაგისტრო სწავლების ეფექტურობის ზრდას. ტექნიკური დახმარება მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრამ, ენისა და კულტურის უნივერსიტეტის ამჟამინდელმა ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კათედრამ, და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტმა.
პარალელურად პროგრამამ თავისი საქმიანობა მიმართა სასწავლო კურსების განახლებასა და სწავლებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების მოპოვებისათვის: წიგნები, თარგმანები, სასწავლო მასალები, რესურსები და ა. შ. სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამამ თავის გარშემო შემოიკრიბა ის პროფესიონალები, რომლებიც დაკავებულნი არიან სოციალური მეცნიერებების სფეროში (სწავლება ან კვლევა) და კონკურსის საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განავითარა და დანერგა ახალი სამაგისტრო კურსები, შექმნა სარესურსო ცენტრი, გასწია სოციალური მეცნიერებების კლასიკური და უახლესი ლიტერატურის თარგმანი, განახორციელა პროფესორ-მასწავლებელთა ტრენინგები ახალი სასწავლო მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნითა და სპეციალური ინგლისურის სწავლებისათვის, იწვევდა უცხოელ პროფესორებს სოციალურ მეცნიერებებში ინტენსიური კურსებისა და სემინარების ჩასატარებლად, განახორციელა უმაღლესი განათლების რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერა.
თავისი არსებობის სამწლიან პერიოდში პროგრამამ ხელი შეუწყო სამეცნიერო საზოგადოების შიდა კავშირების განვითარებასა და სამეცნიერო კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობას. სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამის პარტნიორები იყვნენ: უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა (OSI ჰეშპ), ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (CEU, CEU-SEP), თავისი ყველა პროგრამით, კონსტიტუციისა და საკანონმდებლო პოლიტიკის ინსტიტუტი (COLPI), ქსელის სტიპენდიების პროგრამა და სხვა. პროგრამა უპირატესობას ანიჭებდა სოციალურ მეცნიერებათა გამოყენებით სფეროებს თეორიული ასპექტების დამუშავების პარალელურად.
შედეგად დღეისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დანერგილია ახალი ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდული „საზოგადოება და პოლიტიკა“, რომელიც უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს; 2003 წლის ბოლოსთვის გამოქვეყნებულია 15 დამხმარე სახელმძღვანელო: კულტურის სოციოლოგია (ე. კოდუა); სოციალური მოქმედების თეორია (ი. კაჭკაჭიშვილი); ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (ლ. სურმანიძე); ეკონომიკა და სოციოლოგია (ლ. მეზვრიშვილი); ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია (გ. თევზაძე); სოციოლინგვისტიკა (ნ. ლადარია); დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია (თ. სულუხია); დემოკრატიზაცია: საზოგადოებები გარდამავალ ეპოქაში (გ. ჟორჟოლიანი, მ. მუსხელიშვილი, თ. ბერეკაშვილი); პოლიტიკური ძალის თეორია (მ. ბიჭაშვილი); პოლიტიკური ხელისუფლების თეორია (მ. გოგატიშვილი); არჩევნები და საზოგადოება (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური მარკეტინგის საფუძვლები (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური კონფლიქტი და გადაწყვეტილების მიღება (რ. ჯორბენაძე); გლობალიზაცია და ნაციონალიზმი (ზ. დავითაშვილი); გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია საქართველოში (კ. კაციტაძე); საერთაშორისო ურთიერთობები მეოცე საუკუნეში (ნ. კიღურაძე, გ. სანიკიძე). მომზადებულია დასაბეჭდად: გენდერი: სოციალური და პოლიტიკური სწავლებანი (თ. კიკნაძე, ნ. დონაძე); თანამედროვე სოციალური თეორია (ქრესტომათია); თანამედროვე პოლიტიკური თეორია (ქრესტომათია); საარჩევნო კამპანია: თეორიები, მეთოდები, ტექნოლოგიები, პრაქტიკა; პოლიტიკური ტექნოლოგიები; პოლიტიკური რისკი და რისკის მართვის ტექნოლოგიები (მ. მაცაბერიძე); პოლიტიკური კონფლიქტების ანალიზი და მოგვარების ალტერნატიული გზები (რ. ჯორბენაძე).
მომზადდა (სოციალური მეცნიერებების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა თარგმნა და სამეცნიერო რედაქტირება) და გამოიცა ფონდის მთარგმნელობით პროგრამასა და OSI თრანსალტიონ პროგრამ (ნეXთ პაგე)-ის თანამშრომლობით სოციალური მეცნიერებების კლასიკური და უახლესი ლიტერატურა: ბენედიქტ ანდერსონის წარმოსახვითი საზოგადოებები; ნორბერტ ბობიოს დემოკრატიის მომავალი; იურგენ ჰაბერმასის მოქმედების კომუნიკაციური თეორიის წინასწარი მონახაზები და დამატებები, და, შემეცნება და ინტერესი; ერნსტ-ოტო ჩემპილის მსოფლიო პოლიტიკა გარდატეხის პროცესში; ჰედლი ბულის ანარქიული საზოგადოება: წესრიგის საკითხი მსოფლიო პოლიტიკაში; კენეტ უოლცის ადამიანი, სახელმწიფო და ომი. იბეჭდება მაქს ვებერის რჩეული ნაწერები რელიგიის სოციოლოგიაში; რაიმონ არონის მშვიდობა და ომი ერებს შორის; მაიკლ ჰეჩტერის ნაციონალიზმის შეკავება; რობერტ გუდინისა და ჰანს კლინგემანის ახალი სახელმძღვანელო პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ახალი სამაგისტრო კურსების განვითარებამ და